პოლიციელზე თავდასხმის საქმე
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის საბა სხვიტარიძის პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა დაიწყო. დღეს, პოლიციელი თეოდორე გიორგაშვილი დაიკითხა. როგორც მოწმემ განაცხადა, სხვიტარიძე მან და დეტექტივმა გიორგი კაპანაძემ 2024 წლის 5 დეკემბერს, დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში დააკავეს. მისივე თქმით, დაკავება საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა. როგორც მოწმემ განაცხადა სხვიტარიძეს მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა და ოქმშიც ასახა. ხოლო თუ საიდან მიიღო, ამაზე მოწმის თქმით, სხვიტარიძემ პასუხი არ გასცა. ადვოკატის შეკითხვაზე, საბა სხვიტარიძე დილის 4 საათზე როგორ აღმოჩნდა პოლიციის განყოფილებაში, მოწმემ აღნიშნა რომ არ იცის. მისივე თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც გამოკითხეს, სადაც სხვიტარიძის დაკავების და დაკავების ოქმის შესახებ შეკითხვები დაუსვეს. სხვიტარიძის ადვოკატი მოწმის ჩვენებას არ ენდობა. როგორც ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა, სხვიტარიძე რეალურად ზესტაფონის გზაზე დააკავეს, მანქანაში და პოლიციის განყოფილებაში მასზე პოლიციელებმა იძალადეს და მოგვიანებით დაკავების ოქმი გააყალბეს, რომლის მიხედვითაც თითქოს 5 დეკემბერს გამთენიისას თავად გამოცხადდა პოლიციაში და საშვი დაუშვეს. სხვიტარიძეს 353 ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს