პოლიციამ, გამოძალვის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქეები ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით აიყვანეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს თურქეთის მოქალაქეს, რის შემდეგაც ის თბილისის მიმართულებით წაიყვანეს.

გამომძალველები მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ დაზარალებულის ძმას და მას 130 000 დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ძმის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. პოლიციამ ისინი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში შეაჩერა და დანაშაულში მონაწილე სამივე პირი დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.