საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, რომ პირველი არხის ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღემდე ემუქრება საფრთხე და თუ ბრალდებულის მიმართ არ იქნება გამოყენებული პატიმრობა, ეს ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას. პროკურატურის პოზიციას არ დაეთანხმა თავად ბრალდებული.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ იძალადეს და აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.