პატრიარქობის წლებს ილია მეორე „მზიან ღამეს“ ადარებდა – ფიქრობდა, რომ ეს იყო საპატიო და თან უმძიმესი მისია.
განსაკუთრებულია უწმინდესის და უნეტარესის ღვაწლი ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების დაცვა-განმტკიცებაში. მის სახელს უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა და წამოწყება სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიმართულებით. დაწერილი აქვს 20-ზე მეტი ხატი, მათ შორის ყოვლადწმინდა სამება, არაერთი საგალობელი და მუსიკალური ნაწარმოები. იყო ავტორი რამდენიმე გამოცემის, მისი ლოცვა-კურთხევით გამოიცა თანამედროვე ქართულ ენაზე ბიბლია. განსაკუთრებულია უწმინდესის წვლილი დემოგრაფიული მდგომარეობაზე ზრუნვის კუთხით – მისი ინიციატივით, 2008 წლიდან ქვეყანაში ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღდგა საშობაო ალილოს უძველესი ტრადიციაც. პატრიარქობის 49 წელი მიღწევებთან ერთად უამრავი გამოწვევით და ქვეყნისთვის ურთულესი პერიოდებით იყო სავსე – ყველა ასეთი განსაცდელის დროს ერის სულიერი წინამძღოლის სიბრძნეს, გონიერებას და სამწყსოზე ზრუნვის მაგალითებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ხალხის მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ფრონტის ხაზზე ჩასული და ატირებული პატრიარქის სახე – სწორედ მისი ძალისხმევით მოხერხდა ომში დაღუპული ქართველი მეომრების ცხედრების გადმოსვენება.
გამორჩეული ადამიანური თვისებები, ხასიათის სიმტკიცე, შეუპოვრობა და დაუღალავი ბრძოლა ქვეყნის და ერის გამთლიანებისთვის – სალომე ქოქიაშვილი საქართველოს 141-ე პატრიარქის ეპოქალური მოღვაწეობის შესახებ.