პატრიარქის საქართველო
გამომშვიდობება პატრიარქთან.
ილია მეორე მთელმა საქართველომ დაიტირა. გლოვის დღეები და დაკრძალვის ცერემონია ერის მთლიანობისა და ერთობის გამოხატულებად იქცა. ეს იყო დღეები, როდესაც ყველაზე ნათლად ჩანდა ეკლესიის, სულიერი ფასეულობების, რწმენის, ისტორიისა და საკუთარი ტრადიციების მიმართ ერთსულოვნება, პატივისცემა და უსაზღვრო სიყვარული. ამ დღეებში ყველაზე ნათლად და მკაფიოდ ჩანდა მთელი მსოფლიოს თვალში პატარა, მაგრამ ძლიერი და დიდი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყნის იდენტობა, სიმტკიცე და ძალა. „საქართველო, მიყვარხარ“ – უწმინდესის და უნეტარესის ამ სიტყვების და მის მიერ დაწერილი საგალობლების ფონზე 141-ე პატრიარქი სამუდამო განსასვენებელს მიაბარეს. რეკავდა სამგლოვიარო ზარები და ტიროდა სრულიად ერი. ვერცერთი სიტყვა და ფრაზა ვერ აღწერს ბოლო დღეების მოვლენის მასშტაბს და სულიერი მამისადმი სიყვარულის და მადლიერების გამოსახატად მრავალსაათიან რიგებში ჩამდგარი ასი ათასობით ადამიანის დაუსრულებელ ნაკადს. დაშვებული დროშები სამებიდან სიონამდე, საპატიო ყარაული, მდუმარება და საყოველთაო თაყვანისცემა – უკანასკნელ გზაზე სულიერ მამას ჩუმად და დიდი ტკივილით მიაცილებდა მთელი ქვეყანა. ემოციური და ამაღელვებელი კადრები ზუსტად გადმოსცემდა ცნობილი პოეტის ლექსში აღწერილ სურათს – გუშინ დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. 2026 წლის 22 მარტს ხალხმა უკანასკნელ გზაზე გააცილა პატრიარქი, რომელმაც საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე დატოვებული მძიმე კვალის და არაერთი გამოწვევის ფონზე ერში რწმენა გააძლიერა, ეკლესიის როლი მნიშვნელოვნად გაზარდა, ხალხი დააბრუნა ეკლესიაში, მივიდა ყველასთან და ქვეყნის სულიერ ლიდერობასთან ერთად ეროვნული ერთობის სიმბოლოდ იქცა.