პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება

პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომელიც, მისი თქმით, უკან გადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას. მის განცხადებით, დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ წინააღმდეგობაშია სახელმწიფოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“პრინციპებთან, რომლის თანახმად, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არსებობა, რომლებსაც გააჩნიათ რეალური პასუხისმგებლობა, შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა, რომელთა წინაშეც უნდა იყვნენ პასუხისმგებელი აღმასრულებელი ორგანოები.