პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ცოტნე კობერიძემ, ბორის ჩელე ყურუამ და ბადრი გრიგალაშვილმა დატოვეს. ცოტნე კობერიძის თქმით, არ სჯერა, რომ პოლიტიკური სპექტრის, დამოკიდებულებების, აქტორებისა და გარემოს ცვლილების გარეშე გამარჯვების შანსი არსებობს და ასევე, არ სჯერა გამარჯვების იმ ფორმულის, რომლის მთავარი იარაღი სალომე ზურაბიშვილია. ბადრი გრიგალაშვილი კი წერს, რომ „ამ ფორმით და ამ შინაარსით“ პოლიტიკაში ყოფნის აზრს ვეღარ ხედავს. ბორის ჩელე ყურუას განცხადებით კი, პოლიტიკური გზები გაიყო და ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწია. მე შეგახსენებთ, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ 26 ოქტომბრის არჩევნებში „კოალიცია ცვლილებების“ სახელით მონაწილეობდა გვარამია-მელია-ხოშტარიას პარტიებთან ერთად. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრების გადაწყვეტილებას „ქართულ ოცნებაში“ აფასებენ.