პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ აქცია დღესაც გაიმართება. პარლამენტის ზედა შესასვლელთან შეკრება 12 საათისთვის იყო დაანონსებული, თუმცა აქცია ჯერ არ დაწყებულა. მონაწილეები ამ წუთებში იკრიბებიან.

საღამოს კი საპროტესტო აქცია უკვე პარლამენტის წინ არის დაანონსებული. მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ.

გვიან ღამით დასრულდა საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვდნენ. სიტუაცია პარლამენტთან რამდენჯერმე დაიძაბა. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ორგანიზატორებმა შეკრებილებს მოუწოდეს, პარლამენტის შენობისათვის წრე დაერტყათ. სამართალდამცველები მათ მსვლელობის უფლებას არ აძლევდნენ, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, პარლამენტთან 14 პირი დააკავა. უწყებაში განმარტავენ, რომ აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც მათი დაკავება განაპირობა. სამინისტროს ცნობითვე, აქციაზე ერთი სამართალდამცველი დაშავდა. პოლიციელს დაზიანება ბლაგვი საგნით მიაყენეს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თითქმის 12-საათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, იურიდიულ კომიტეტზე პირველი მოსმენით მიიღეს. მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში გუშინ დილიდან აქციების ფონზე დაიწყო. ხმაურით მიმდინარეობდა საკომიტეტო მოსმენა. იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. მამუკა მდინარაძეს ალეკო ელისაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც უკვე უმრავლესობის დეპუტატები გაუსწორდნენ ელისაშვილს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მდინარაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.