პარლამენტთან აქცია 19 საათზე განახლდება

პერიოდულად იცვლება ფორმატი, თუმცა არ იცვლება მოთხოვნა, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი. აქციის მონაწილეები გუშინ უკვე 31-ედ, ისევ პარლამენტთან შეიკრიბნენ. ანტისაოკუპაციო პროტესტის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, გამოსვლა განსხვავებულად წარიმართა. თითოეულ მონაწილეს ბანერზე დაპრინტული ნომერი ეჭირა. ორგანიზატორების თქმით, ამით მათ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს უპასუხეს და უთხრეს, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან იმაზე მეტი ადამიანი იკრიბება, ვიდრე მას აქვს ინფორმაცია. აქციაზე მივიდნენ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები. შეკრებილებს სიტყვით მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც. რაც შეეხება დღევანდელ გეგმებს, მიტინგი დღესაც 19 საათზე დაიწყება, პარალელურად გამოფენა-გაყიდვაც გაიმართება.