პარლამენტში პრეზიდენტს 5 მარტს არ მოუსმენენ

პარლამენტმა პრეზიდენტს უარი უთხრა.

5 მარტს საკანონმდებლო ორგანოში სალომე ზურაბიშვილის წლიური გამოსვლა არ იქნება. გადაწყვეტილების მიღებას ბიუროს ორსაათიანი სხდომა დასჭირდა. მმართველი გუნდი პრეზიდენტს ყოველწლიური მიმართვისთვის საპარლამენტო ტრიბუნას 15 მარტს სთავაზობს. თავად პრეზიდენტს კი წლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოს წინაშე გამოსვლა 5 მარტს, ანუ ხვალ სურდა. ხვალინდელი თარიღის მომხრე იყო ოპოზიციაც. მთავარ არგუმენტად უკრაინაში მიმდინარე ომის გამო შექმნილი მძიმე გეოპოლიტიკური რეალობა და ის შეხვედრები დასახელდა, რომლებიც ბოლო დღეებში სალომე ზურაბიშვილმა სწორედ უკრაინის საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან გამართა.

„ქართული ოცნების“ დღევანდელი პასუხის გამო იმედგაცრუებას ვერ მალავს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. უცნობია, დათანხმდება თუ არა პრეზიდენტი შეთავაზებულ თარიღს.სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციას პარლამენტის თავმჯდომარე გეგმავს.