პარლამენტში გიორგი გახარიას მოუსმინეს

ყველაზე მეტი შეკითხვა შინაგან საქმეთა მინისტრს პანკისის ხეობის მოვლენებზე დაუსვეს.

დეპუტატები, მათ შორის უმრავლესობის წევრები, დაინტერესდნენ, რატომ მოხდა 21 აპრილს ჰესის მშენებლობის ადგილზე სამართალდამცავების მობილიზება და როგორ აპირებს უწყება შექმნილი დაძაბულობის განმუხტვას.

გიორგი გახარია აღიარებს, რომ ცალკეულმა სახელმწიფო უწყებებმა შეცდომა დაუშვეს და მოსალოდნელი რისკები სათანადოდ არ იყო შეფასებული. ოპოზიციამ მინისტრს რამდენიმე გახმაურებული და ამ დრომდე გამოუძიებელი საქმეებიც შეახსენა, რა დროსაც გიორგი გახარიამ ოპონენტები სხვა სამართალდამცავ უწყებებთან გადაამისამართა.

ოპონენტებმა ვიცე-პრემიერს ასევე ჰკითხეს, რა ურთიერთობა აქვს შსს-ს სუს-თან. მინისტრის საათმა მწვავე პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა.