პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე ვერ აირჩია 

უკვე მეორედ პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე ვერ აირჩია.

საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები კიდევ ერთხელ ჩავარდა. საჭირო 100 ხმის ორჯერ ვერ მოგროვების შემდეგ, კანდიდატებს კიდევ ერთხელ უყრიან კენჭს და ამჯერად უკვე 100-ის ნაცვლად 90 ხმაც საკმარისი იქნება. თუ ეს რაოდენობა ვერც მესამე მცდელობის დროს შეგროვდება, მაშინ თამარ ჟვანიას შემცვლელს უმრავლესობით, ანუ 76 ხმით, მაგრამ ხუთი წლის ნაცვლად ექვსი თვით დაამტკიცებენ. ოპოზიცია ორივე კანდიდატურას უნდობლობას უცხადებს, ამიტომ დიდი ალბათობით ცესკო-ს მომავალი ხელმძღვანელი პოსტს მხოლოდ ნახევარი წლით ჩაიბარებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევა პარლამენტში მორიგი პოლიტიკური დავის საგანია. ორივე კანდიდატურა ცესკო-ს მოქმედი თანამშრომელია.