პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ყაზახეთში

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტის ისტორიული მნიშვნელობა, როგორც საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების კარგი შესაძლებლობა. შალვა პაპუაშვილმა ყაზახურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. აგრეთვე, მწუხარება გამოთქვა ყაზახეთში მიმდინარე სტიქიის გამო და გამოხატა თანადგომა სტიქიასთან გამკლავების საქმეში. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებების ფართო სპექტრზე. განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შუა დერეფნის სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის ასათვისებლად. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე. შალვა პაპუაშვილმა ყაზახი კოლეგა საქართველოში მოიწვია.