პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და ხმაურიანი სხდომა 

პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. 94 ხმით, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი გახდა არჩილ თალაკვაძე, რომელიც მანამდე საპარალმენტო უმრავლესობის ლიდერი იყო.

კენჭისყრის პროცესში მონაწილეობდა საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც, რომელიც დღეს სხდომათა დარბაზში, დეპუტატის რანგში იმყოფებოდა. სპიკერის არჩევას წინ, მწვავე პოლიტიკური დებატები და ურთიერთბრალდებები უძღოდა. დარბაზიდან პროტესტით გასვლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრეს და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. მოთხოვნას შეუერთდნენ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატებიც.

მმართველი გუნდი გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას არ იზიარებს, ოპონენტებს ნიკა მელიას მოწოდებას ახსენებს და ხაზს უსვამს, რომ ხუთშაბათს ღამით, ქვეყანა დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე იდგა.