საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. ირაკლი კობახიძემ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ, 2017 წელს გაწეული სამუშაოები გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, გასულ წელს პარლამენტმა 484 კანონი მიიღო, მათგან ირაკლი კობახიძემ გამოყო საკონსტიტუციო რეფორმა, ასევე მართლმსაჯულების მესამე ტალღა, კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ და შრომის ანაზღაურების რეფორმა. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ საკანონმდებლო პაკეტებთან დაკავშირებითაც, რომელსაც პარლამენტი 2018 წელს განიხილავს, სამომავლო გეგმებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი პარტიების დაფინანსების მოდელზე მუშაობას იწყებს, ასევე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა თვითმმართველობის რეფორმაზე და განაცხადა რომ უახლოეს მომავალში დეცენტრალიზაციის ერთიან გეგმაზე დაიწყება მუშაობა. ამ წუთებში შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.