პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას, სავარაუდოდ, ხუთი წელი დასჭირდება
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას, სავარაუდოდ, ხუთი წელი დასჭირდება. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ტაძარი იმაზე ლამაზი იქნება, ვიდრე ადრე იყო. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს.
ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა. აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსური დახმარების სურვილი რიგმა სახელმწიფოებმა, კომპანიებმა და ბიზნესმენებმა უკვე გამოთქვეს. ამასთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტმა თანხების მოსაძიებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აღდგენითი სამუშაოებისთვის 700 მილიონი დოლარია შეგროვებული.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე ხანძრის გაჩენიდან ერთი დღის შემდეგ, საფრანგეთის დედაქალაქში მემორიალური საღამო გაიმართა. პარიზის ცენტრალურ ნაწილში, სან მიშელის მოედანზე შეკრებილმა ასობით ადამიანმა ჰიმნი ერთობლივად შეასრულა. ამის პარალელურად, ხანძრის გაჩენიდან ზუსტად 24 საათში, სოლიდარობის ნიშნად, პარიზის ყველა ტაძარში ზარები დარეკეს. ამავე ხერხით საფრანგეთს თანადგომა გამოუცხადა დიდმა ბრიტანეთმა. ზუსტად ამ დროს ლონდონში, უესტმინსტერის სააბატოს ზარებიც დარეკეს.