საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ზედიზედ მეორედ, რატი იონათამიშვილი აირჩიეს.
საარჩევნო ყრილობას პარასპორტსმენები, ოლიმპიური კომიტეტის, პარლამენტის სპორტის კომიტეტის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. კომიტეტის პრეზიდენტმა გასული ოთხი წლის საქმიანობა და შედეგები შეაფასა და დელეგატებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. ახალი ოთხწლიანი პერიოდის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად, პარასპორტსმენებისთვის ახალი მოსამზადებელი ცენტრის აშენება დასახელდა. რატი იონათამიშვილმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც პარასპორტის სახეობების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. დელეგატებმა აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი, პარალიმპიური კომიტეტის გამგეობის წევრად კი წარმატებული პარასპორტსმენი ირმა ხეცურიანი დასახელდა. ამავე დროს, დაასახელეს წლის პარალიმპიელი სპორტსმენები: კაცებში – გიგა ოჩხიკიძე, ქალებში კი ანი ჯაფარიძე.