PACE-ს რეზოლუცია საქართველოზე - გამოხმაურება 

პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული მორიგი კრიტიკული შინაარსის რეზოლუცია. დოკუმენტში რამდენიმე შესწორება შევიდა, თუმცა ძირითადი საკითხები უცვლელი დარჩა. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები დემოკრატიის უკუსვლად არის გამოცხადებული. დაგმობილია გრანტებისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების მიღება და მკაცრად არის დაგმობილი მზია ამაღლობელის, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების პატიმრობა. მიღებული კანონების გამო, „ქართული ოცნება“ ასამბლეაზე დებატების დროსაც გააკრიტიკეს. თუმცა გამომსვლელთა ნაწილმა ევროკავშირის პოლიტიკა დაგმო საქართველოს მიმართ და ბრიუსელი უსამართლო დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. მმართველი გუნდისთვის რეზოლუციის ტექსტი მიუღებელია, მათი განცხადებით, ქართველი ხალხი ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს.