პაატა ბურჭულაძის გამოკითხვა

მსოფლიო ბანის დაკითხვა დასრულდა. საქართველოში დაბრუნებული პაატა ბურჭულაძე ფონდ „იავნანას“ გახმაურებულ საქმეზე გამომძიებლის შეკითხვებს თითქმის ხუთი საათის განმავლობაში პასუხობდა. არ არის გამორიცხული, რომ მოწმის სტატუსით დაბარებულ საოპერო ვარსკვლავს დაკითხვაზე მისვლა კიდევ ერთხელ მოუხდეს.

გამომძიებლის მიერ დღეს დასმული კითხვები ძირითადად საქველმოქმედო ყუთებს, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის შეგროვილ თანხას და ბურჭულაძის მიერ პირადი მიზნებისთვის გაწეულ ხარჯებს ეხებოდა.

სექტემბერში არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვის გამო დაწყებული ძიება ფონდ „იავნანადან“ თანხების მითვისება-გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს. საქმის აღძვრას წინ უძღოდა საგამოძიებო სტუდიის ფილმი, რომლის ავტორთა მტკიცებით, ფონდის ხელმძღვანელები ქველმოქმედებიდან მიღებულ შემოსავლებს მალავდნენ.