ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

ამერიკელი კონგრესმენების კანონპროექტში გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებიც არის ნახსენები. თუმცა რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები საკუთარ პასუხისმგებლობას ისევ გაურბიან.

საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებამ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება იმდენად გააღიზიანა, რომ გალის დღევანდელი შეხვედრა ჩაიშალა. რუსეთის და არაღიარებული რეჟიმის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებათა რაუნდი დატოვეს.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შემადგენლობა მწვავე პოლიტიკური დებატების მიზეზი გახდა პარლამენტშიც. სიაში, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული 33 პირი მოხვდა, ოპოზიციამ ორი გარდაცვლილი ადამიანი აღმოაჩინა.