ორწლიანი ომის დასასრული – სამშვიდობო სამიტი ეგვიპტეში
ისტორიული შეთანხმება გაფორმდა – რამდენიმე წუთის წინ ეგვიპტეში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ახალ რეალობას ქმნის.
დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირობები ნაწილობრივ უკვე შესრულებულია: ორწლიანი ტყვეობის შემდეგ „ჰამასის“ 20 მძევალი თავისუფალია. თავის მხრივ ისრაელმა ციხეში მყოფი პალესტინელი პატიმრებისა და ღაზაში დაკავებულების გათავისუფლების პროცესი დაიწყო. ყოფილი პატიმრებით სავსე რამდენიმე ავტობუსი უკვე ანკლავშია. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მეოთხე დღეა, მოქმედებს. შეთანხმების ერთი პუნქტი დაღუპული მძევლების ცხედრების გადაცემასაც გულისხმობს, ისრაელი „ჰამასს“ ამ პირობის დროულად შესრულებისკენ მოუწოდებს, რადგან 28 ცხედრიდან ჯერ მხოლოდ 4-ია გადაცემული. საერთაშორისო საზოგადოება ეგვიპტეში ოთხი ქვეყნის ჩართულობით წარმატებით დასრულებულ მოლაპარაკებებს და ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დასრულებას ზეიმობს, მსოფლიო ლიდერები ახლა ღაზის სექტორის აღდგენის და რეკონსტრუქციის გეგმას სახავენ და მმართველობის ახალ მოდელზე ფიქრობენ. ისტორიული შეთანხმების ხელმოსაწერად ეგვიპტეში ისრაელიდან ჩავიდა სამშვიდობო გეგმის ავტორი დონალდ ტრამპი, რომელმაც მანამდე ქნესეთს სიტყვით მიმართა.