ორი წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან - ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაღუპულის საფლავი გვირგვინებით შეამკეს

ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. მის საფლავზე დღეს ხელისუფლებისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გიგა ოოთხოზორიას ოჯახს და მხარდაჭერა აღუთქვეს. გიგა ოთხოზორიას ოჯახი მკვლელის, რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემას, მკვლელობაში მონაწილე სხვა პირების დადგენასა და გასამართლებას ითხოვს და პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს მოკლეს. სასამართლომ მისი მკვლელი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მიმდინარე წლის იანვარში ამ საქმეზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ასოციაცია საჩივარში რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2-ე და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული, სიცოცხლის და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებათა დარღვევას ასაბუთებს.