ორი კონსილიუმის ექიმები გორის სამხედრო ჰოსპიტალში  

ვიდრე ოპოზიცია კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდება, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. პაციენტი დღეს პრემიერის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმის წევრებმა მოინახულეს. ექიმების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის დღითიდღე უმჯობესდება. სპეციალისტების განცხადებით, ფიზიკურად პაციენტი გაცილებით აქტიურია. დღის ბოლოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახალხო დამცველის მიერ დაკომპლექტებული კონსილიუმის წევრებმაც შეამოწმეს. მათი შეფასება პირველი კონსილიუმის იდენტურია. შენიშვნა მხოლოდ სახალხო დამცველს აქვს, რომელიც აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს სასეირნო სივრცე მალე დასჭირდება, რაც არ აქვს.