ორი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება.

პროტესტის მასშტაბები ყოველდღიურად იზრდება. მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ავტორები უკან არ გაიწვევენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციებს უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გასაჯაროებას და უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში დარეგისტრირებას ავალდებულებს. დეპუტატებს არჩევანის გაკეთება ორ პროექტს შორის მოუწევთ – უკვე ინიცირებულს და ამერიკაში გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოქმედი უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის ქართულ თარგმანს შორის. თუმცა, ფარას სახელით აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობაც ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია. სანამ ავტორები და ოპონენტები იმაზე დავობენ, ამერიკული თუ რუსული კანონის კოპირებაა წარდგენილი ინიციატივა, საბოლოო პოზიციის შეჯერებას ცდილობს მმართველი პარტია. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ მკაცრი შეზღუდვების არგუმენტით ამერიკულ მოდელს ეწინააღმდეგება და ყოფილი თანაპარტიელების პროექტს ლობირებს, საბოლოო გადაწყვეტილებას ორივე ვერსიის წაკითხვის შემდეგ მიიღებს.