ორად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება. ნიკა მელიას წასვლის შემდეგ, ყოველდღიურად გუნდს თბილისის რაიონული ორგანიზაციისა და პარტიის ცალკეული წევრებიც ტოვებენ. თბილისამდე კი იყო რეგიონები, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციების 100-მდე წარმომადგენელი პარტიას ოფიციალურად გამოეყო. როგორც უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, მათთვის მიუღებელია არაფორმალური მმართველობა და მოქმედი მენეჯმენტის მართვის პრინციპები. ბრალდებებს უარყოფს მოქმედი მენეჯმენტი, წევრების მასობრივი წასვლა მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ნიკა მელიას მიერ დაანონსებული ახალი პლატფორმის პოლიტიკურ პერსპექტივას ვერ ხედავს სახელისუფლებო გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ გავლენებისთვის ბრძოლა პარტიაში პოლიტიკური მარცხით დასრულდება.