ბოიკოტიდან არჩევნებამდე – ოპოზიციის შეცვლილი ტაქტიკა და მკვეთრად შეცვლილი გზავნილები.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგმა და ოპოზიციონერი ლიდერის გამარჯვებამ ქართული ოპოზიციური სპექტრის ნაწილს ახალი ინსპირაცია მისცა. ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 2020 წლის მსგავსად, 2024 წელსაც არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადეს, საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებსაც გაემიჯნენ და ელექტორატს არჩევნებზე არ წასვლისკენ მოუწოდებდნენ, ახლა საკუთარ სამოქმედო გეგმაში აქცენტს სწორედ ხელისუფლების არჩევნების გზით დამარცხებაზე აკეთებენ, მანამდე კი საპროტესტო მუხტის გაძლიერებას გეგმავენ. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ძალები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ალიანსი შექმნეს, არ აკონკრეტებენ, ისევ ვადამდელ თუ 2028 წლის არჩევნებზე აკეთებენ გათვლას. არჩევნების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც თვეების წინ მოქალაქეებს საარჩევნო ყუთების ნაცვლად რუსთაველის გამზირზე გასვლისა და პროტესტში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა. არცთუ შორეულ წარსულში გაკეთებულ სხვა შინაარსის განცხადებებს ახლა ალიანსის წევრებს ის პარტიები ახსენებენ, რომლებიც ბოიკოტის შეწყვეტის და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის გამო ამ ალიანსში მყოფი პოლიტიკური ძალებისგან თავდასხმების და მწვავე კრიტიკის სამიზნეებად იქცნენ.
რა შეცვალა უნგრეთის მაგალითმა ოპოზიციის ხედვაში – თათია ტაბეშაძის რეპორტაჟი.