ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ ოპოზიცია ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღის წესრიგში ააქტიურებს ერთი წლის წინ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ სანქცირებულ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას უკრძალავს. მოთხოვნებს შორისაა ავიამიმოსვლის განახლებაზე ნებართვის გაუქმებაც, რის მისაღწევადაც ოპოზიციური პარტიები პროტესტის ახალ ტალღას აანონსებენ და დახმარების გზავნილს ყოფილი პრეზიდენტისგანაც იღებენ. პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თვეების წინ ქართული პოლიტიკისგან დისტანცირება გამოაცხადა, უკრაინაში დაბრუნებამდე საკუთარ თავს ისევ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ხედავს. ოპონენტების მოთხოვნების პასუხად „ქართული ოცნება“ რუსეთისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესების შემთხვევაში მოსალოდნელ ესკალაციაზე და საფრთხეებზე მიუთითებს. აგვისტოს ომიდან მალევე რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნების განცხადებები მოსკოვთან სავაჭრო კონტაქტების გაძლიერებაზე და ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობაზე – ორმაგ სტანდარტში დადანაშაულებულ ოპოზიციას მმართველი გუნდი 2008 წლის ომის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს ახსენებს.