ოპოზიციის საარჩევნო გეგმა

ოპოზიციაში გადაჯგუფებების დაწყება თვის ბოლოდან ანონსდება.

არასაჯარო კონსულტაციები, როგორც ჩანს, ფინალურ ეტაპზეა. მომავალ პარტნიორებად ის პოლიტიკოსები მოიაზრებიან, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო წლებში დატოვეს. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ახალი პარტიის შესაქმნელად ემზადება, მასთან და პოლიტიკაში დაბრუნებულ ნიკა გვარამიასთან შესაძლო წინასაარჩევნო თანამშრომლობას ადასტურებს ხატია დეკანოიძე. შესაძლოა, მომავალ ოპოზიციურ ალიანსს შეუერთდეს „ლელოც“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველა პროდასავლურ ძალასთან თანამშრომლობის ალბათობას უშვებს. თუმცა ფაქტია, რომ დიდი ოპოზიციური ერთობის ფორმირება ვერ ხერხდება იმ საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელსაც თითქმის მთელი ოპოზიცია გადამწყვეტად აცხადებს. მაშინ, როცა ოპოზიციური სპექტრი არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნაში დარწმუნებულია, არჩევნებამდე მათ დიდ ნაწილს ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვაც კი უჭირს. ოპოზიციურ ფლანგზე გახშირებული ურთიერთბრალდებების და კრიტიკის ფონზე პოლიტიკური აქტორების ნაწილი აღიარებს, რომ ერთმანეთთან კოორდინაცია გვიანდება.