ოპოზიციის ნაწილი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტს ამზადებს
ოპოზიციის ნაწილი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტს ამზადებს.
არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ახალი ინიციატივის შინაარსზე დღეს იმსჯელა. მთავარი კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ ოკუპანტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან სახელმწიფოებრივ საკითხებზე კომუნიკაციის უფლება მხოლოდ უმაღლესი ხელისუფლების ორგანოებს განესაზღვროს და არა ქვეყანაში რეგისტრირებულ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს.
საკანონმდებლო ინიციატივა ასევე განსაზღვრავს ოკუპანტ ქვეყანასთან და მათი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან საქართველოს მოქალაქის კომუნიკაციის სფეროებსაც, რაც არა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, არამედ სამრეწველო, განათლების, მეცნიერების, სპორტის, ხელოვნებისა და სხვა აპოლიტიკურ მიმართულებებს გულისხმობს.
დოკუმენტის თანახმად, ამ და ოკუპაციის შესახებ კანონის სხვა ნორმების დამრღვევ პირებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.