ოპოზიციის ნაწილი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ითხოვს 

5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო „ლელოს“ მიერ დაყენებული ინიციატივა ოპოზიციურ სპექტრში უთანხმოების მიზეზი ხდება.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის იდეას საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილი მხარს არ უჭერს. მათთვის გაუგებარია, რა აზრი აქვს იმ პროცედურის დაწყებას, რომლის ბოლომდე მისაყვანად საჭირო ხმების მობილიზების პერსპექტივა არ არსებობს. აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადებას და გარდამავალი მთავრობის შექმნას მინიმუმ 76 ხმა სჭირდება, რისი რესურსიც ოპოზიციას არ აქვს. „მოქალაქეების“ და „გირჩის“ გარდა ინიციატივას ბლოკ „ძალა ერთობაშია – ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წევრებიც იწუნებენ. ოპოზიციური პარტიების ნაწილს 5 ივლისის მოვლენებზე რეაგირებისთვის საუკეთესო საპარლამენტო ინსტრუმენტად საგამოძიებო კომისიის შექმნა მიაჩნია.