ოპოზიციის ლიდერობის მცდელობა სალომე ზურაბიშვილისგან

21:25, 23.11.2026

ყოფილი პრეზიდენტის შეთავაზება ოპოზიციურ სპექტრს.

სალომე ზურაბიშვილი თავს ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების სათავეში ხედავს. ეს გზავნილი არ ემთხვევა სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის არცთუ დიდი ხნის წინ გაცხადებულ პოზიციას, რომლის მიხედვით მას ოპოზიციის ლიდერობაზე პრეტენზია არ ჰქონდა. ამ ამპლუაში მას ერთხელ უკვე მოუხდა ყოფნა – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციური პარტიების მხრიდან საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების ბრალდებებს შეუერთდა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. მის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით საერთო ოპოზიციური პლატფორმაც შეიქმნა, სადაც ოპოზიციონერი აქტორები ყველა სამოქმედო გეგმას და სტრატეგიას ათანხმებდნენ, თუმცა მალევე ექს-პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიები და უკმაყოფილება გაჩნდა, პლატფორმასაც პარტიები ნელ-ნელა ისევე გაემიჯნენ, როგორც სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროს შეთავაზებულ ქარტიას გარდამავალი მთავრობით. გუშინდელ განცხადებაში ყოფილმა პრეზიდენტმა პოლიტიკურ სპექტრს ქარტია კიდევ ერთხელ შეახსენა, თუმცა, თუ ადრესატთა გამოხმაურებით ვიმსჯელებთ, სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის ლიდერობით ახალი ოპოზიციური ერთობის პერსპექტივა ბუნდოვანია.

მსგავსი