სამი ოპოზიციური გაერთიანება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას წერილით მიმართავს.
წერილის ავტორები „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ არიან. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულებას არ აიღებს. წერილში ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები რიგი დარღვევების ფონზე წარიმართა და ამ დარღვევების ინტენსიურობამ მთავრობის ლეგიტიმაციას ძირი გამოუთხარა. ოპოზიციონერი ლიდერები ყურადღებას ასევე ამახვილებენ აქციებზე დაკავებულ პირებსა და მომხდარ ინციდენტებზე. წერილში ასევე ვკითხულობთ: „თვითმარქვია რეჟიმის მიზანი საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა. სამწუხაროდ, მსგავსი ვიზიტები ხშირად გამოიყენება მათ მიერ პროპაგანდისტული მიზნებისთვის, რაც კიდევ უფრო ართულებს დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას. იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩატარებას, ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ამ პირობებში ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“, – ნათქვამია წერილში. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მსგავსი შინაარსის ღია წერილით მიმართავს პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერიც. გიორგი გახარია ვიზიტის შერჩეულ დროს შემაშფოთებელს უწოდებს და „ქართული ოცნების“ მმართველობის ლეგიტიმაციის რისკებზე საუბრობს.