ოპოზიციის გეგმები

რიგგარეშე არჩევნების საკითხი ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგში კიდევ ერთხელ გააქტიურდა. ოპოზიციის ნაწილის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ აზრით, თუ საქართველო წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს და ქვეყანა ამ ისტორიულ შანსს ხელიდან გაუშვებს, ქართულ საზოგადოებას და ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის ლეგიტიმური საფუძველი ექნება. თუმცა ამ საკითხში ოპოზიცია ერთიანი არ არის.

ხელისუფლების ოპონენტთა მეორე ნაწილის შეფასებით, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არასერიოზულია და შერეული სისტემით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ოპოზიცია მისთვის სასურველ შედეგს ვერ მიიღებს. ამიტომ ისინი კოლეგებს ურჩევენ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კარგად მოემზადონ.

ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავენ მმართველ გუნდში. როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, ოპოზიციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ სურს და ევროინტეგრაციის საკითხს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზე სრულად პროპორციული სისტემით და 5% საარჩევნო ბარიერით უნდა ჩატარდეს.