ოპოზიციის გეგმები

ევროკომისიის 12 პუნქტის გარშემო გააქტიურებული ოპოზიცია საერთო სამოქმედო სტრატეგიაზე ვერ თანხმდება.

მაშინ, როცა ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო რეკომენდაციების შესასრულებლად საპარლამენტო მუშაობის გაძლიერებას ითხოვს, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია მაინც აქციის გზას ირჩევს. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ ქვეყნისთვის ტრაგიკულ და ისტორიულ დღეს, 9 აპრილს დაგეგმილ აქციას პარტიის წევრთა ნაწილიც ემიჯნება. თუ მიხეილ სააკაშვილის მიერ ვადამდელი არჩევნების აუცილებლობის შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებას და ბოლო პერიოდში გააქტიურებული ვანო მერაბიშვილის მსგავს გზავნილებს გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, რომ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქცია მხოლოდ ევროკომისიის პუნქტების შესრულების მოთხოვნით არ შემოიფარგლოს.

საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ და ხელისუფლებაზე ზეწოლის ამ გზით გაძლიერებისკენ მოუწოდებს.