რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის დაკავების შემდეგ ოპოზიცია საერთო სტრატეგიის აუცილებლობაზე იწყებს ფიქრს.
პარტიები, რომლებიც მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავენ, ერთიანი პლატფორმის შექმნას და წინააღმდეგობის გაძლიერებას ითხოვენ. ანალოგიური შინაარსის მოწოდებაა ციხიდანაც. ონლაინ-პლატფორმაზე ხელისუფლების მოწინააღმდეგე მხარდამჭერების დარეგისტრირება და მთავარ საკითხებზე ერთიანობა გამარჯვების წინაპირობად მიაჩნია ზურა გირჩი ჯაფარიძეს. ბრძოლის საერთო სტრატეგიის მომზადებას და მის წარსადგენად აქციის დაგეგმვას ემხრობა ჯაფარიძის კოალიციური პარტნიორი ელენე ხოშტარია. ერთობის მიღწევაა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი გზავნილიც, რაც წინა საარჩევნოდაც არაერთხელ გაჟღერდა, თუმცა არჩევნებამდე და ოქტომბრის შემდეგაც გაერთიანების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ახლა საინტერესოა, რა ცვლილებებს შეიტანს ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები და დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ მისვლის გამო რამდენიმე პოლიტიკური აქტორის დაპატიმრება ოპოზიციის დღის წესრიგში. ერთობის მომხრეთა მთავარი მოწოდება მოახლოებული მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტია. თუმცა ორ ოპოზიციურ ძალას ამ საკითხზე გასხვავებული პოზიცია აქვს.