ოპოზიციის ძველი სახეები და ახალი გაერთიანების შექმნის მცდელობა

ოპოზიციურ ფლანგზე წინასაარჩევნო გადაჯგუფებების თემა აქტიურდება.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირების სტრატეგია აირჩია, ახლა მთავარი კითხვაა, ვინ ვისთან და რა ფორმით ითანამშრომლებს და ვინ მოიაზრება დაანონსებული მესამე ძალის გარშემო. პოლიტიკაში დაბრუნებული ნიკა გვარამიას განცხადების შემდეგ მომავალი ალიანსის სავარაუდო შემადგენლობა გამოიკვეთა. თუმცა ყველა მათგანს საერთო წარსული და ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში ყოფნის წლები აერთიანებს. როგორც გვარამიას, ასევე „ნაციონალური მოძრაობიდან“ პროტესტით წასულ ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას საკუთარი პარტიების შექმნა აქვთ დაანონსებული, თუმცა ბოლოდროინდელმა განცხადებებმა მათი პოლიტიკური თანამშრომლობის ეჭვები გაამყარა. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიიდან სხვადასხვა დროს წასული ლიდერები არჩევნების წინ ოპოზიციის კონსოლიდაციის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ფაქტია, რომ პოლიტიკური პარტნიორების ძიების და ალიანსების ფორმირების პროცესი ჭიანურდება.