ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის გეგმა 

არ შემდგარი ერთობის მიუხედავად, ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს ძლიერი კოორდინაციის ფორმატში ისევ განაგრძობს.

ექსპრეზიდენტის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრებში მონაწილეობს „ნაციონალური მოძრაობაც“. სწორედ ყოფილი სახელისუფლებო პარტია აკრიტიკებს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილს. ბოლო აუდიენციის მთავარი განსახილველი საკითხი ცნობილია. 31 მარტს დაგეგმილ აქციამდე ოპონენტები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე საგარეო ზეწოლის გაძლიერებას გეგმავენ. ბალტიისპირეთში უკვე გაემგზავრა ექსპრეზიდენტი, სადაც მმართველი გუნდის მისამართით მწვავე კრიტიკით და სანქციების დაწესებით გამორჩეული ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აანონსებს. ოპონენტების გაცხადებული გეგმების ფონზე მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია „დიფ სთეითთან“ კოორდინაციით მორიგი დესტრუქციული ქმედებებისთვის ემზადება.