„ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული აქცია – გამოხმაურება 

12:12, 26.10.2026

თბილისში ოპოზიციური ალიანსის ორგანიზებით აქცია-მსვლელობა, სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ გაიმართა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბდნენ, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის მეტროსადგურისკენ გაემართნენ.

აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ფოტოებიანი პლაკატების გამოჩენას აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში აღნიშნული ფაქტი გააკრიტიკა და სააკაშვილს „ბიძინას მოსყიდული“ უწოდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ეს პროტესტის მხოლოდ დასაწყისია.

აქციაზე შეკრებილების განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვითარებისა და რეპრესიების ფონზე ხალხის პროტესტი რეჟიმის არალეგიტიმურობას უსვამს ხაზს:

„პროტესტზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული. ასეთი ინტენსივობით, როცა ამდენი ათასი ადამიანი გამოდის აქციებზე და პერმანენტულად იღებს მონაწილეობას მარშებში, ეს იმის ნიშანია, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია. რაც შეეხება კონკრეტულად ციფრებს — ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რეპრესიების ფონზე, ასეთი ინტენსიური და მასშტაბური შეკრებები ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა ვერ გატეხა ქართველი ხალხი და მისი საპროტესტო სულისკვეთება“.

აქციის სხვა მონაწილეთა თქმით, საზოგადოების ნაწილის პასიურობა ხელისუფლების მხრიდან არსებული ზეწოლითა და დაშინებით არის განპირობებული:

„კმაყოფილი ვიყავი იმ ადამიანების სულისკვეთებითა და რაოდენობით, რაც ვიხილეთ. 300 კაცი ნამდვილად არ ყოფილა, ბევრად უფრო მეტი იყო. ვისაც სურვილი ჰქონდა, წავიდა და თავისი პოზიცია დააფიქსირა. ხალხის დუმილი ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება პირდაპირ დაშინებულია ხელისუფლების მხრიდან — ზოგი დასაქმებულია, ზოგს მცირე ბიზნესი აქვს და იციან, რომ ხმის ამოღების, უკმაყოფილების გამოხატვისა თუ განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამო მათ დასჯიან“.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციის აქციას უშედეგოსა და ხელმოცარულს უწოდებენ:

„ერთი თვის განმავლობაში მთელი ოპოზიციური სპექტრი აორგანიზებდა აღნიშნულ აქციას და საზოგადოებამ ნახა ადამიანების რაოდენობა — 500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს. ამის ფონზე თავს იმართლებენ იმით, თითქოს ხალხის მასა აუცილებელი არ იყო. არადა, მთელი საორგანიზაციო პროცესის განმავლობაში აბსოლუტურად საპირისპიროს ვხედავდით — აცხადებდნენ, რომ ბევრნი უნდა ყოფილიყვნენ და „ქართული ოცნებისა“ თუ ხელისუფლებისთვის ძალა დაენახებინათ. ეს არის სახედაკარგული, ურეიტინგო ოპოზიციის „მონაპოვარი“. „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის, არამედ მთელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრისა და ქვეყნის პრობლემაა. სანამ ეს ადამიანები იქნებიან გაერთიანებული ოპოზიციის სათავეში, რეგრესისკენ იქნება მიმართული აბსოლუტურად ნებისმიერი მათგანის ქმედება“.

მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შეფასებით, ოპოზიციის რიგებში შიდა დაპირისპირება და კინკლაობა გრძელდება:

„რამდენჯერმე დაანონსდა „ხალხის მდინარეები“ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური, სინამდვილეში კი რადიკალური და აგენტურული პარტიების მხარდასაჭერად, თუმცა ისევ ფიასკო განიცადეს — კვლავ იგივე ადამიანები შეიკრიბნენ. შიდა დაპირისპირებისა და შეუთანხმებლობის საკითხიც ახალი არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის. აბსოლუტურად ხელმოცარული, ნდობისგან დაცლილი ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ძალები კვლავ ერთმანეთისკენ იშვერენ თითს და ამ კინკლაობის ფონზე ძალიან კარგად ჩანს მათი რეალური, ანტისახელმწიფოებრივი სახე“.

მსგავსი