ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს

ხელისუფლებას რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებს ოპოზიცია.

საქმე 13-14 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ ფორუმს ეხება. ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდა ლიდერების ფორუმი“ „გორჩაკოვის ფონდის“ მხარდაჭერით ჩატარდება. ინფორმაციას, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის,  დიმიტრი მედვედევის ბრძანებით დაფუძნებული ფონდი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფორუმის მთავარი თემა „სახალხო დიპლომატია და კომპრომისების დიალოგია“. მიზანი კი რუს და ქართველ ახალგაზრდებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობისთვის საჭირო პლატფორმის შექმნაა.

თბილისში დაგეგმილი  ღონისძიების თანაორგანიზატორი „საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირია“. მისი ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბეჟენცევი „მოამბესთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, რომ რუსეთიდან ექვსი ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, ისინი პოლიტიკურ თემებზე განცხადებებს არ გააკეთებენ და თავს აარიდებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარს.

გორჩაკოვის ფონდი“ რუსეთის საგარეო უწყების ძალისხმევით შეიქმნა, ექსპერტები ფონდს რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთ პლატფორმად მოიაზრებენ.

ოპოზიცია ხელისუფლებას შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს და საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. მმართველ გუნდში კი ოპონენტებს საკითხის ხელოვნურ გამწვავებაში ადანაშაულებენ.