უკრაინის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც კუნძულ ზმეინიზე მისი ვიზიტის კადრებია ასახული. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს მასალა რუსეთთან ომის მეხუთასე დღეს გაავრცელა სოციალურ ქსელში. კუნძული ზმეინი უკრაინელმა სამხედროებმა შარშან, ივნისის ბოლოს გაათავისუფლეს. უცნობია, როდის არის ჩაწერილი ზელენსკის კუნძულ ზმეინიზე ვიზიტის ამსახველი ვიდეო. კადრებში ჩანს, რომ უკრაინის პრეზიდენტი კუნძულზე ნავით ჩადის. მასთან ერთად მისი ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და სამხედრო დაზვერვის მეთაური, კირილ ბუდანოვი იმყოფებოდნენ.
რაც შეეხება ვითარებას ფრონტის ხაზზე, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ქალაქ ბახმუტთან მნიშვნელოვან ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს. გეოლოკაციური მონაცემები აჩვენებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე სოფლებში, დაიბრუნეს კონტროლი დაკარგულ პოზიციებზე. უკრაინის ხელისუფლება ასევე ავრცელებს ცნობებს, რომ დღეს რუსეთის არმიამ დარტყმები მიიტანა დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანზე. შედეგად დაიღუპა ექვსი და დაიჭრა ხუთი ადამიანი.