ომის 216-ე დღე უკრაინაში

უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ კუპიანსკის სამხრეთ გარეუბანი დაიკავეს, ასევე კონტროლი დაამყარეს მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე მნიშვნელოვან სარკინიგზო მონაკვეთზე. ომის შესწავლის ინსტიტუტის ცნობით, უკრაინელი სამხედროები წინ მიიწევენ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანისკენ და ცდილობენ, ალყაში მოიქციონ იქ მყოფი რუსეთის ძალების დანაყოფები. უკრაინული მხარის ცნობით, სამხედროებმა ხერსონსა და მელიტოპოლში რუსების კუთვნილი დიდი რაოდენობით აღჭურვილობა გაანადგურეს. პარალელურად, ოკუპანტები უკრაინულ ქალაქებზე იერიშებს არ წყვეტენ. ოდესის ოლქში, რუსეთის ძალებმა ირანული კამიკაძე-დრონებით განახორციელეს შეტევა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა ჩამოაგდო. რუსეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა კრივოი როგის აეროპორტზე. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აეროპორტის ინფრასტრუქტურა განადგურებულია. უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთმა ხერსონის ოკუპირებული ნაწილი მთლიანად ჩაკეტა როგორც შემსვლელთათვის, ისე გამსვლელთათვის.