ომის 148-ე დღე უკრაინაში

რუსეთი განაგრძობს უკრაინის ტერიტორიების დაბომბვას. საჰაერო იერიშები განხორციელდა ქალაქ ხარკოვზე. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 17 ადამიანი. მთელ ქალაქში განგაშის სირენებია ჩართული. მერი მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. დაიბომბა მიკოლაევიც. მერის განცხადებით, გამოიყენეს „s 300“ ტიპის სისტემები. 30-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქი, დაშავებულია ერთი ადამიანი. კვლავ ინტენსიურად იბომბება დონეცკის ოლქი, სადაც გასულ ღამეს ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 5 დაშავდა. უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის მიზანი არ შეცვლილა და კვლავ დონეცკის მსხვილი ქალაქების, სლავიანსკის და ბახმუტის აღებაზეა ორიენტირებული. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, უკრაინაში დაახლოებით 15 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და სამჯერ მეტი დაიჭრა, უკრაინელების დანაკარგები კი შედარებით ნაკლებია. უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 358 ბავშვი დაიღუპა. მათივე ცნობით, მთელი უკრაინის მასშტაბით 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული იქნა რეგისტრირებული. უკრაინის პრეზიდენტი კი დასავლეთს მოუწოდებს, მეტი იარაღი მიაწოდონ უკრაინას, რომ რუსეთი დამარცხდეს და სხვა ქვეყნებმა არ გამოცადონ ის, რაც უკრაინაში ხდება.