ომი უკრაინაში - 52-ე დღე

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის, ომის 52-ე დღე – საოკუპაციო ძალები განაგრძობენ უკრაინის ქალაქების დაბომბვას. გამთენიისას იერიში მიიტანეს კიევზე. ჭურვები დარნიცკის რაიონში ჩააგდეს. შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, კიდევ რამდენიმე დაშავდა, ისინი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. როგორც რუსული მედია იუწყება, მათი სამიზნე ერთ-ერთი სამხედრო ქარხანა გახდა. კიეველებს მოუწოდებენ, დედაქალაქში დაბრუნებისგან დროებით თავი შეიკავონ.

განსაკუთრებით აქტიურად იბომბება ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონების ქალაქები. რუსეთმა „ურაგანის“ ტიპის რაკეტებით დაბომბეს ხარკოვის ინდუსტრიული რაიონი, ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი თვის ჩვილი. დაშავდა 35 ადამიანი. უკრაინული მხარის ინფორმაციით, კასეტური ჭურვებით დაიბომბა ქალაქი მიკოლაევი. გარდაიცვალა ხუთი ადამიანი, დაშავდა – 15. კვლავ გრძელდება დონეცკისა და ლუგანსკის რაიონების დაბომბვაც. ჭურვებმა დონეცკის რაიონში წყლის მილი და საკვები პროდუქტების საწყობები დააზიანა. დაიბომბა დნეპროპეტროვსკის რაიონიც.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალების ათი შეტევა მოიგერიეს. მათი ცნობით, აღმოსავლეთ საოპერაციო ზონაში განადგურებულია 20-ზე მეტი ჯარისკაცი, ასევე სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკა, ხოლო სამხრეთ საოპერაციო ზონაში 76 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ქვეყნის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულია 2 500-დან 3 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით უკრაინელებმა 918 დასახლებულ პუნქტზე დაიბრუნეს კონტროლი. ქვეყნის ჩრდილოეთით კიევის რაიონში ისევ მიმდინარეობს დასახლებების ნანგრევებისგან გათავისუფლება. ამასთან, შესაბამისი სამსახურები დანაღმული ტერიტორიების გაწმენდას ახორციელებენ.

რაც შეეხება ევაკუაციას, გასულ დღეს ბედიანსკიდან და მარიუპოლიდან 2800-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 370 მშვიდობიანი მოქალაქის გამოყვანა მოხერხდა ლუგანსკის რაიონიდანაც. ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დასასრულებლად დასავლეთის ქვეყნებისგან ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, ხოლო რუსეთზე სანქციების გამკაცრებას მოითხოვს.