ომი უკრაინაში - 158-ე დღე

რუსული აგრესიის 158-ე დღე უკრაინაში. რუსეთის არმიამ საჰაერო და სარაკეტო იერიშები ქალაქ ნიკოლაევზე, ხარკოვსა და ნიკოპოლეზე მიიტანა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, გუშინდელი ღამე ყველაზე რთული ნიკოლაევის მცხოვრებლებისთვის აღმოჩნდა, სადაც რამდენიმე ძლიერი აფეთქება გაისმა. დაზიანებულია სახლები, გაჩნდა ხანძარი. დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი. ხარკოვში კი ღამით ექვსი აფეთქების ხმა გაისმა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, შედეგად დაზიანდა რამდენიმე საწარმო და ცეცხლი გაჩნდა საცხოვრებელ სახლებშიც. რუსეთმა საარტილერიო ცეცხლი გახსნა სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონბასშიც, სადაც ოკუპანტები ქალაქ ბახმუტზე შეტევას ცდილობდნენ, თუმცა, უკრაინელებმა იერიშის მოგერიება შეძლეს.

უკრაინელმა სამხედროებმა დარტყმა ხერსონსა და ნიკოლაევის ოლქებში რუსულ პოზიციებზე და საწყობებზე განახორციელეს. შედეგად განადგურებულია ცოცხალი ძალა და ტექნიკა. დღესვე რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის მერმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა მოხდა, რა დროსაც ექვსი ადამიანი დაიჭრა.