ომბუდსმენობის კანდიდატები

სახალხო დამცველის კანდიდატებზე მსჯელობას მმართველი გუნდი და ოპოზიცია მომავალი კვირიდან კვლავ გააგრძელებენ. როგორც კონსულტაციების პირველი რაუნდის შემდეგ გაირკვა, მხარეები თანხმდებიან, რომ პროცესი არ უნდა ჩავარდეს, რათა ევროკომისიის რეკომენდაციების 12 -ვე პუნქტი შესრულდეს. სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე არ უმსჯელიათ, თუმცა დავიწროვდა იმ პირთა წრე, ვისზეც პარტიებს შეჯერება მოუწევთ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, შემდეგი შეხვედრა მას შემდეგ შედგება, როცა საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობის სხდომის ფორმატშიც იმსჯელებენ. კონსულტაციების პროცესში ჩართულია ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, გარდა „სტრატეგია აღმაშენებლისა“, რომელიც პროცესს უნდობლობას უცხადებს. მათი მხარდაჭერა კი კენჭისყრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ სამ კანდიდატს ექნება.