ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის განცხადება

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბრობს სახალხო დამცველის მიერ დაკომპლექტებული ექსპერტთა ჯგუფი. მათი განცხადებით, მკურნალობა დიდი გამოცდილების მქონე მრავალპროფილურ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უნდა გაგრძელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ლეტალური შედეგი დადგეს. აღნიშნული სპეციალისტების დასკვნის თანახმად, გლდანის მე-18 დაწესებულება კარგად აღჭურვილია, მაგრამ, ის მაინც არ არის მზად მიხეილ სააკაშვილის მსგავსი პაციენტის მკურნალობისთვის. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შემდგომ პერიოდს, მედიკოსები განმარტავენ, რომ მათი მოვალეობა მხოლოდ მიმდინარე ეტაპზე არსებული მდგომარეობის შესწავლაა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის სამსახურმა უკვე ოფიციალურად მიმართა სტრასბურგს, რომ სააკაშვილის საქმის განხილვის პროცესში მესამე მხარედ ჩართოს.