ოკუპირებული ცხინვალი დე ფაქტო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის დეზერტირის დახმარებაში ადანაშაულებს. განცხადება ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თითქოს დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ცდილობდნენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის დახმარებას და მის გამოყვანას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ, საქართველოს ორი მოქალაქე 26 დეკემბერს, სოფელ ნიქოზის მიმდებარედ აიყვანეს. დაკავებულებიდან ერთ-ერთი გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი ალექსი მამულიაა, მეორე კი სოფელ ფხვენისის მკვიდრი.
განცხადება მათი დაკავების შესახებ სუს-მა 26 დეკემბერს გაავრცელა. უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად.