ოკუპანტების მიერ დაჭრილი და გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახი მთავრობის წევრებმა და სახალხო დამცველმა მოინახულეს - დასავლელი პარტნიორები ფაქტს გმობენ და რუსეთს პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი უკანონო ტყვე.

რუსი სამხედროების მიერ დაჭრილი და დაკავებული 33 წლის ზაზა გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოში იმყოფება. გატაცებული ჯერ არ მოუნახულებიათ „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს, რომლებიც პროცესში უკვე ჩაერთნენ. ოფიციალური თბილისი კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალის მკვიდრის სასწრაფოდ გათავისუფლებას და ერგნეთის შეხვედრების ფორმატის აღდგენას ითხოვს, რომელიც ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების გამო არაღიარებულმა რეჟიმმა ჩაშალა.

სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სოკოს საკრეფად წასული გახელაძის საქმის გარშემო უკვე ინფორმირებულია საერთაშორისო საზოგადოება.