ნიკოლაი რიჟაკის განცხადება

რუსეთი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციას არ შეასრულებს. ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის წევრმა, ნიკოლაი რიჟაკმა განაცხდა. მისი თქმით, რუსეთი მიიჩნევს, რომ დეკლარაციაში გაწერილი მუხლები შესასრულებლად სავალდებულო არ არის. როგორც რიჟაკი ამბობს, „დეკლარაცია ასამბლეის წევრების მესამედის თანდასწრებით მიიღეს“.

საუბარია დოკუმენტზე, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ მიიღო. ტექსტში ლაპარაკია რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიაზე. ასევე ასამბლეამ მოუწოდა მოსკოვს, უარი თქვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ქართველი დეპუტატის, სოფიო ქაცარავას მიერ ინიცირებული რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაიცვას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დაუშვას საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე აღნიშნავს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ღირსეულად დაბრუნების აუცილებლობას.

ასამბლეა წევრ ქვეყნებს მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის – „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით“ გათვალისწინებულ დამნაშავე პირებთან მიმართებაში სამართლის აღსრულების ხელშეწყობისკენ; დოკუმენტში ასევე აღნიშნულია მოწოდება ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მიმართ, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთო-ს მისიის დაბრუნების შესახებ.