თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა, რომელიც დღეს იყო ჩანიშნული, გადაიდო. მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა დააკმაყოფილა და პროცესი 25 მაისს გაგრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე მოწმეთა დაკითხვის ნაცვლად, პროკურატურა ვიდეომტკიცებულების გამოკვლევას გეგმავდა. საუბარია 20-21 ივნისის მოვლენების ვიდეომტკიცებულებებზე. თუმცა, აღნიშნული გააპროტესტა დაცვის მხარემ, რომელიც აცხადებს, რომ არც მოწმეთა დაკითხვისთვის, არც ვიდეოების გამოსაკვლევად, მზად არ იყო. ნიკა მელიას ადვოკატების განცხადებით, მათთვის საჭირო იყო წინასწარ ინფორმირება, რათა მომზადებულიყვნენ ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევისთვის. გარდა ამისა, დაცვის მხარე ამბობს, რომ მათ წინასწარ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რომელ მოწმეს მოიყვანენ დასაკითხად.